ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, ქვეყანაში თალიბანის შეტევებით გამოწვეული მძიმე ვითარების ფონზე, ავღანელ ერს მიმართა.
აშრაფ ღანის განცხადებით, მთელი მისი ყურადღება მიმართულია შემდგომი ძალადობის თავიდან აცილებაზე.
"როგორც თქვენი პრეზიდენტი, ჩემი მთელი ყურადღება მიპყრობილია არასტაბილურობის, ძალადობისა და ჩემი ხალხის საკუთარი საცხოვრებლებიდან გადაადგილების თავიდან აცილებაზე", - განაცხადა ღანიმ.
მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ძალების გაძლიერება.
"არსებულ ვითარებაში, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების რემობილიზაცია უმაღლესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით", - დასძინა პრეზიდენტმა.
აშრაფ ღანიმ თქვა, რომ ის არ დაუშვებს ომის გაჩაღებას და ბოლო 20 წლის მიღწევების დათმობას. ამასთან შეაქო უსაფრთხოების ძალები, რომლებიც "გაბედულად ცდილობენ ქალაქების დაცვას თალიბანისგან".
ავღანეთის პრეზიდენტის გამოსვლა წარიმართა სპეკულაციების ფონზე, რომლის მიხედვითაც, აშრაფ ღანი თანამდებობის დატოვებას და ქვეყნიდან წასვლას გეგმავდა.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის სულ მცირე 18 პროვინციას, რაც ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედია.