ვაშინგტონმა თალიბანს სთხოვა, არ დაესხან თავს ქაბულში აშშ-ის საელჩოს, იმ შემთხვევაში თუ დაიპყრობენ ავღანეთის დედაქალაქს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა New York Times-ი მაღალი თანამდებობის ორი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ვაშინგტონი დაუკავშირდა თალიბანს ავღანეთში აშშ ის სპეციალური წარმომადგენლის ზალმაი ხალილზადის მეშვეობით, რათა უზრუნველყოს საელჩოს უსაფრთხო ევაკუაცია თალიბების მიერ ქაბულის დაპყრობის შემთხვევაში.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულში მდებარე საელჩოდან პერსონალის ევაკუაციის მიზნით, აშშ ავღანეთში 3 ათასამდე სამხედროს გააგზავნის. ბოლო ინფორმაციით, აშშ-ის საელჩო ქაბულში განაგრძობს მუშაობას.
20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან. ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
ბოლო ინფორმაციით, თალიბანი აკონტროლებს ავღანეთის სულ მცირე 15 პროვინციას, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით ორი მესამედია.