ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა" დაიპყრო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ყანდაარი.
ყანდაარის დაპყრობის შესახებ მანამდეც იუწყებოდნენ "თალიბანის" მესვეურები, მაგრამ ცნობას ავღანეთის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ადასტურებდა.
ყანდაარის დაკავებით, "თალიბანი" უკვე აკონტროლებს ავღანეთის პროვინციის 12 დედაქალაქს, სულ ასეთი ავღანეთში 34-ია.
როგორც იუწყებიან ყანდაარზე კონტროლის სრული დამყარება "თალიბანმა" 12 აგვისტოს ღამით მოახდინა. სააგენტო Associated Press-ი, წყაროს მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ყანდაარში იმყოფებოდნენ, აეროპორტამდე მიღწევა მოახერხეს და ქალაქი საჰაერო გზით დატოვეს.
იმავდროულად, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა თალიბანის წარმომადგენლებს შესთავაზეს ძალაუფლების გაზიარება ქვეყანაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ. თუმცა, დოჰას დიალოგში არანაირი პროგრესი არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს "თალიბანმა" ხელში ჩაიგდო ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქი ჰერათი და სტრატეგიული დანიშნების ქალაქი ღაზნი.