ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გვინეის მთავრობამ დაადასტურეს გვინეაში მომაკვდინებელი ვირუსით, მარბურგის ჰემორაგიული ცხელებით ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 25 ივლისს დაავადდა და 2 აგვისტოს გარდაიცვალა ერთ-ერთ სოფელში, ქალაქ გუკედუს მახლობლად, რომელიც გვინეას, ლიბერიისა და სიერა ლეონის საზღვრებთან მდებარეობს.
მარბურგის ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს დააფიქსირეს. ინფიცირების წყარო გახდა აფრიკიდან შემოყვანილი მაიმუნი. მაშინ აღირიცხა ჰემორაგიული ცხელების 31 შემთხვევა, საიდანაც 7 ადამიანი გარდაიცვალა.
შემდგომში მარბურგის დაავადების გავრცელება დაფიქსირდა სუდანში, კენიაში, ანგოლაში, უგანდაში, სამხრეთ აფრიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მიმდინარე შემთხვევა პირველია დასავლეთ აფრიკაში.
ვირუსი თავს ესხმის საჭმლის მომნელებელ ორგანოებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მკურნალობა რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელი. პირველი სიმპტომები არის მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და სისუსტე.
ჯერჯერობოთ უცნობია, ვირუსის პირველწყარომ მოახერხა თუ არა სხვისი ინფიცირებაც. რისკებს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ყოველ კვირას გუკედაში იმართება დიდი ბაზარი, სადაც ხალხმრავლობაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგების გუნდი გვინეაში უკვე ჩავიდა. გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრი და მისი ექიმი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების მოძიება.
მარბურგის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მედიკამენტი ჯერჯერობით არ შემუშავებულა.
მარბურგის ვირუსი წააგავს მომაკვდინებლ ვირუსს ებოლას. ორივე მათგანი იწვევენ ჰემორაგიულ ცხელებას - დაავადებას, რომელსაც ახასიათებს მძიმე სისხლდენა (ჰემორაგია), ორგანოების უკმარისობა და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.
ორივე ვირუსი აფრიკის მკვიდრია, სადაც ათწლეულების განმავლობაში აღინიშნება პერიოდული ეპიდემიები.
ებოლასა და მარბურგის ვირუსები ცხოვრობენ ცხოველებში. ადამიანებს ვირუსი დაინფიცირებული ცხოველისგან გადაეცემათ. თავდაპირველი გადაცემის შემდეგ, ვირუსს შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს ორგანიზმის სითხეებისა და დაბინძურებული ნემსების საშუალებით.
მარბურგის ვირუსი აღმოჩენილია აფრიკულ მაიმუნებში, შიმპანზეებსა და ხილის მჭამელ ღამურებში.