ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიალი მიმდინარეობს.
ცერემონია ტოკიოს ეროვნული სტადიონზე იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება, ისევე როგორც გახსნის ცერემონია, მაყურებლების გარეშე ტარდება.
ტოკიოს გუბერნატორმა, იურიკო კოიკემ ოლიმპიური დროშა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მომდევნო მასპინძელს, პარიზის მერს ანა იდალგოს გადასცა.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წელს გაიმართება. მანამდე, ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წელს ჩატარდება.
ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართა.
საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოში ასპარეზობა 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი 30-ე პოზიციაზე ვართ. დევიზი - "უკეთ, ვიდრე რიოში" შესრულებულია. ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.
საქართველოს წარმომადგენელთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და გურამ თუშიშვილს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ.
თავისი წილი ისტორია დაწერა ჩვენმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემაც. ტიტულიანი ქართველი ოლიმპიელი გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელიც ცხრა ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა.
XXXIII ოლიმპიურ თამაშებს პარიზი 2024 წელს მიიღებს. ცვლილებაა ქართველ ოლიმპიელთა დევიზში და დღეიდან ის ასე ჟღერს: „უკეთ, ვიდრე ტოკიოში!"