ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "თალიბანმა" ავღანეთის სამთავრობო ძალებთან სასტიკი ბრძოლის შემდეგ, დაიკავა ჩრდილოეთ ავღანეთის უმნიშვნელოვანესი და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ყუნდუზი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქალაქის ყველა უბანი, აეროპორტის გარდა, თალიბების კონტროლის ქვეშაა.
ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის ყუნდუზის პროვინციის მთავარი ქალაქი ყუნდუზი. ქალაქის ცენტრში აღმართულია თალიბანის დროშა.
საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ შეტაკებებს სამოქალაქო პირებიც ემსხვერპლნენ, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ყუნდუზი გახდა ავღანეთის მესამე მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელზეც კონტროლი თალიბანმა დაამყარა.
თალიბანის შეტევა მკვეთრად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა დაიწყეს თავიანთი დანაყოფების გაყვანა ავღანეთიდან საერთაშორისო კოალიციის ქვეყანაში 20 წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ.
ბოლო კვირების განმავლობაში, თალიბანმა აიღო კონტროლი ავღანეთის დიდ ნაწილზე და ახლა ცდილობს დაიპყროს ძირითადი ქალაქები და პროვინციული ცენტრები.
ყუნდუზის დაპყრობა ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია თალიბანისთვის მას შემდეგ, რაც კოლიციური ჯარების გასვლის დაწყების კვალდაკვალ, განაახლეს ავღანეთის ტერიტორიების დაკავება.
ქალაქი, სადაც 270,000 ადამიანი ცხოვრობს, განიხილება როგორც კარიბჭე ქვეყნის მინერალებით მდიდარი ჩრდილოეთ პროვინციებისკენ. მისი მდებარეობა ქალაქს სტრატეგიულად აქცევს, ვინაიდან არსებობს გზატკეცილები, რომლებიც ყუნდუზს აკავშირებს სხვა დიდ ქალაქებთან, მათ შორის დედაქალაქ ქაბულთან.
ყუნდუზის პროვინცია ტაჯიკეთს ესაზღვრება. ეს საზღვარი გამოიყენება ავღანური ოპიუმისა და ჰეროინის კონტრაბანდისთვის ცენტრალურ აზიაში, რომელიც შემდეგ ევროპისკენ მიემართება. ყუნდუზის კონტროლი ნიშნავს ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტის კონტროლს რეგიონში.