მუზეუმის შენობა უნდა აღდგეს. ამას დასჭირდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის გარშემო მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
მისი თქმით, საბიუჯეტო ასიგნებებში გაისად ეს უკვე აისახება, მაგრამ სანამ თანხა აისახება, დიდი შრომაა გასაწევი.
„კონსტრუქციული ნაწილი მნიშვნელოვანია, როგორ უნდა აღდგეს ეს შენობა, საჭიროა პროექტი. ამის თაობაზე უკვე მუშაობს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რაც შეეხება სამუზეუმო საქმეს, ამ პროცესში ჩართულია დირექტორის მოადგილე გია მარსაგიშვილი, რომელსაც დანანებით უნდა ვთქვა, რომ აზრს არც კი ეკითხებოდნენ, ისე მართავდნენ ფონდის უფროსები ამ მუზეუმს. მინდა მათ მოვუწოდო, რომ ბატონი გიას კომპეტენტურობას ენდონ იმიტომ, რომ მისი კომპეტენტურობა არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავის მიერ. ასევე ჩვენ გვყავს მუზეუმის შესანიშნავი მენეჯერი. მუზეუმს აქამდე კომპეტენტური მენეჯერი არ ჰყოლია და ეს გახლავთ ბატონი ნიკა ახალბედაშვილი. ამასთან, ყველა თანამშრომელი, ვინც მანამდე მუშაობდა, რჩება ადგილზე. ვისაც უნდა შრომა, შრომობს. ვისაც ყვირილი უნდა, ყვირის, მაგრამ ვინც ყვირის, მასაც მოუწევს მუშაობა იმიტომ, რომ ფონდებში არის მძიმე მდგომარეობა და ინვენტარიზაციის შედეგები ამას აჩვენებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.