ანექსირებული ყირიმი არასოდეს გახდება რუსეთის ტერიტორია და მისი დაბრუნება დროის საკითხია. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია "დომ"-თან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს გაიხსენა თავისი ახალგაზრდობის წლები, როდესაც ის ყირიმში მოგზაურობდა და დასძინა, რომ რუსეთი ვერასოდეს შეძლებს ისტორიის გადაწერას.
"ეს ჩემი მიწააა, ეს მიწა არ არის მათი, ისინი აქ არ იქნებიან. მათი თაობები აქ არ გაიზრდება. ყირიმი არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. ადამიანებს, რომლებმაც მოახდინეს ოკუპაცია, არასოდეს ეყვარებათ ყირიმი ისე, როგორც ჩვენ", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმელი თათრები ოკუპაციას არასოდეს შეეგუებიან და ერთხელაც "შინ დაბრუნებიან".
ყირიმის ანექსია
2014 წლის 26 თებერვალს პრორუსმა დემონსტრანტებმა გადაკეტეს ყირიმის პარლამენტი და მოითხოვეს რეფერენდუმი ყირიმის დამოუკიდებლობის თაობაზე. მომდევნო დღეებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაიკავეს აეროპორტები და ადმინისტრაციული შენობები.
2014 წლის 1-ელ მარტს რუსეთის ფედერაციის საბჭომ თანხმობა მისცა პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეიარაღებული ნაწილების შეყვანაზე რუსული ინტერესების დაცვის მიზნით, სიტუაციის სტაბილიზაციამდე. 11 მარტს კრემლის მიერ მართული ყირიმის უმაღლესი საბჭოსა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი რეზოლუცია, რითიც მათ ყირიმის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
16 მარტს პრორუსი სეპარატისტების ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმი - ხმის მიმცემთა დაახლოებით 96%-მა ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი და, შესაბამისად, მისი შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ.
2014 წლის 18 მარტს ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ შევიდა.