აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დასრულებულია. შეხვედრა სახელწმიფო კანცელარიაში თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მაიკლ პოზნერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი საარჩევნო პროცესებს, გაზაფხულზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სისხლის სამართლის ახალ კოდექსს, მედიის დამოუკიდებლობის აუცილებლობას და დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელ სხვა რიგ საკითხს შეეხო.
"ჩემი ვიზიტი იმ ვიზიტის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოში ზაფხულში ჯო ბაიდენმა განახორციელა", - განაცხადა მან.
თავის მხრივ, გიგა ბოკერიამ მაიკლ პოზნერს საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იყო ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. შეხვედრამდე დელეგაციის წევრები პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სახელმწიფო კანცელარიიდან კი საქართველოს პარლამენტში გაემგზავრნენ, სადაც მათ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძე მიიღებს.
სტუმრების ნაწილი, მათ შორის ჰილარი კლინტონის თანაშემწე მაიკლ პოზნერი თბილისს ხვალ დილით დატოვებენ.
აღსანიშნავია, რომ პოზნერი საქართველოში პირველად იმყოფება.