მოლდოვის მმართველი პროევროპული "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფინანსთა ყოფილი მინისტრ ნატალია გავრილიცას წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,"მოქმედებისა და სოლიდარობის" ლიდერმა, იგორ გროსმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ გვქონდა ფრაქციის შეხვედრა, რომელზეც გადაწყდა ნატალია გავრილიცას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა", - თქვა გროსმა.
მისივე თქმით, ხვალ ამ გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ქვეყნის პრეზიდენტს მაია სანდუს, რომელმაც 30 ივლისისთვის დაგეგმა კონსულტაციები საპარლამენტო ფრაქციებთან ამ საკითხთან დაკავშირებით.
მოლდოვის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს.
მოლდოვაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, საკანონმდებლო ორგანოს 101 მანდატიდან 63 მანდატი პრეზიდენტ მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიამ მოიპოვა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება.