გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე.
მერკელის განცხადებით, ის თურქეთს ევროკავშირის წევრად ვერ ხედავს, თუმცა ბერლინს ანკარასთან უფრო მჭიდრო და ახლო ურთიერთობა სურს.
"ჩემი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი. არასდროს მჯეროდა რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდებოდა და დღემდე ვერ ვხედავ მას ევროგაერთიანებაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მსურს, თურქეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდეს", - განაცხადა კანცლერმა მერკელმა.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში მან დიდი ძალისხმევა გასწია ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა შეაქო თურქეთის როლი სირიელი ლტოლვილების შეკავებისა და მათზე ზრუნვის საქმეში.