აშშ-ის ხელისუფლება 27 სხვადასხვა შტატში ეძებს 200-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდათ ადამიანთან, რომელიც დაავადებული იყო ყვავილის იშვიათი ტიპით - მაიმუნის ყვავილით.
ივლისის დასაწყისში აშშ-ში ამ ინფექციური დაავადებით ნიგერიიდან ტეხასის მკვიდრი დაბრუნდა. ოფიციალური მონაცემებით, ეს მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევაა აშშ-ში 2003 წლის შემდეგ.
მაიმუნის ყვავილის აფეთქება პერიოდულად ხდება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის შორეულ კუთხეებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში წევს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ინფიცირების სხვა შემთხვევები ქვეყანაში ჯერ არ დადასტურებულა.
დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად უკავშირდებიან ორი ავიარეისის მგზავრებს. ამ რეისებით მგზავრობდა ნიგერიიდან ინფიცირებული მამაკაცი.
ქალაქ ლაგოსიდან ის ჯერ ატლანტაში ჩავიდა, შემდეგ გაემგზავრა დალასში, სადაც კლინიკაში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თქმით, ცდილობენ შეაფასონ პოტენციური რისკები იმ პირების, რომლებიც მგზავრთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ. თუმცა ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების შანსები დაბალია, რადგან სალონში ყველას პირბადე ეკეთა.
მაიმუნის ყვავილი ახლოს არის ყვავილთან, თუმცა ისეთივე გადამდები და სასიკვდილო არ არის. დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად, როგორც ჩუტყვავილა და სიმპტომები რამდენიმე კვირაში თავისით გადის.
თუმცა დასავლეთ აფრიკაში ეპიდემიის რამდენიმე აფეთქების დროს, ლეტალური გამოსავლების რაოდენობამ 10 პროცენტს მიაღწია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაიმუნის ყვავილი გადაეცემა ინფიცირებულთან პირდაპირი კონტაქტის დროს.
ვირუსი ორგანიზმში, შესაძლოა, მოხვდეს კანზე ნაკაწრის, ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით ცხვირის, პირისა და თვალის მეშვეობით. დაავადება ადამიანს ასევე შესაძლოა, გადაედოს ინფიცირებული მაიმუნისგან, ვირთხისა და ციყვისგან, ასევე ნივთების დაბინძურებული ზედაპირიდან, თეთრეულისა და ტანსაცმლიდან.
თავიდან დაავადებას ახასიათებს ცხელება, თავის ტკივილი, ზურგისა და კუნთების ტკივილი, ასევე საერთო სისუსტე.
შემდეგ ტემპერატურა იკლებს და შესაძლოა გაჩნდეს გამონაყარი. თავიდან სახეზე, შემდეგ კი სხეულის სხვა ადგილებში, უფრო ხშირად ხელის გულებსა და ტერფებზე.
გამონაყარს შესაძლოა, ახასიათებდეს ძლიერი ქავილი. საბოლოოდ გამონაყრის ადგილას რჩება მშრალი წყლულები და შესაძლოა, დარჩეს ნაიარევიც.
იმის მიუხედავად, რომ ეს დაავადება ძალიან იშვიათია, აშშ-ში 2003 წელს აფეთქება მოხდა. მაშინ 47 შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტების თქმით, დაავადება ქვეყანაში ვირთხებმა შეიტანეს.
დიდ ბრიტანეთში 2018 წელს, მაიმუნის ყვავილი დაუფიქსირდა ნიგერიის რეისის ორ მგზავრს. იმავე წელს განგაშის საფუძველი გახდა ნიუკასლში კლინიკის თანამშრომლის დაავადება, როგორც მაშინ ივარაუდეს, ის დაავადებულის თეთრეულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
2019 წელს შეიქმნა მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა.
თუმცა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ბოლო წლებში ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ამ დაავადების ეპიდაფეთქებები გახშირდა, ინფიცირების სწრაფი გავრცელება კი უკავშირდება ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაბალ დონეს.