გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, იგი ურჩევს თავის მემკვიდრეს, როგორც მთავრობის მეთაურმა, შეინარჩუნოს დიალოგი რუსეთთან, თუმცა მხოლოდ გერმანიის ღირებულებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
"ჩვენ ვლაპარაკობთ ნებისმიერ ქვეყანასთან, ყოველთვის ჩვენი ღირებულებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ დაინტერესებული რუსეთთან დიალოგის შენარჩუნებით", - თქვა მერკელმა ბერლინში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელსაც კანცლერის რანგში ბოლოჯერ მართავს.
ამასთან, მერკელმა სინანული გამოთქვა რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვების გამო, რაც, მისი განცხადებით, "ართულებს კონტაქტებს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის".
"ვფიქრობ, ეს სერიოზულ დარტყმას აყენებს გერმანია-რუსეთის ურთიერთობებს, თუმცა არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგზე უარი ვთქვა", - თქვა მერკელმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გამწვავებულია სხვადასხვა საკითხის, მათ შორის უკრაინის გამო.
"ამის მიუხედავად, აუცილებელია დიალოგის შენარჩუნება და გამოსავლის ძიების მცდელობა", - თქვა მერკელმა.
26 სექტემბერს გერმანიაში ეროვნული არჩევნები გაიმართება, რომელის შედეგების მიხედვით ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. ანგელა მერკელმა თავისი კანდიდატურა აღარ წამოაყენა და განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა.
კანცლერობის პრეტენდენტები არიან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) კანდიდატი არმინ ლაშეტი, "მწვანეების" კანდიდატაი ანალენა ბერბოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანდიდატი ოლაფ შოლცი.
გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა შორის ყველაზე მაღალი პოპულარობით არმინ ლაშეტი სარგებლობს.