იუნესკომ ლივერპულის პორტს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოართვა, ვინაიდან, ორგანიზაციის განცხადებით, დაწყებული მშენებლობის გამო მან "შეუქცევადად დაკარგა უნიკალური თვისებები", რომელიც მის ღირებულებას წარმოადგენდა, როგორც XVIII-XIX საუკუნეების სავაჭრო პორტის განვითარების მაგალითი. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე ონლაინ-კენჭისყრა 21 ივლისს გამართა. 20-დან 13-მა მონაწილემ, ლივერპულისთვის სტატუსის ჩამორთმევას დაუჭირა მხარი, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორი ბიულეტინი კი გაბათილდა.
ექვსი უბანი ისტორიულ ცენტრში და ნავსადგურის ტერიტორიაზე, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 2004 წელს შევიდა. საუბარია საპორტო ნაგებობებზე, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე საერთო სახელწოდებით "ლივერპული - ზღვაოსნებისა და ვაჭრების ქალაქი", რომელიც 136 ჰექტარზეა განთავსებული. შენობების ნაწილი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სტილიზებულია კრისტოფერ რენის ნამუშევრების შთაგონებით.
როდესაც ლივერპულის ხელისუფლებამ დაამტკიცა დეველოპერული პროექტები ცათამბჯნების, საკრუიზო ლაინერების ნავსადგომებისა და საფეხბურთო კლუბ "ევერტონის" სტადიონის მშენებლობისთვის, იუნესკომ გააფრთხილა, რომ პორტის იერსახე დაკარგავდა უნიკალურობას და შესაძლებელი იყო მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან დიდი ხნით ამოეღოთ.
ივნისში ათობით პოლიტიკოსი, ფეხბურთელი და მეცნიერი The Times-ში გამოქვეყნებული ღია წერილით იუნესკოს მოუწოდებდნენ ეს არ გაეკეთებონა, რათა ქალაქს ტურისტები არ დაეკარგა. თუმცა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ლივერპულს სტატუსი მაინც ჩამოართვა.
ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იუნესკოს გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდეს და აღნიშნეს, რომ კომიტეტის წევრებს დიდი ხანია არ უნახავთ ლივერპული და არ იციან თუ რა მდგომარეობაშია ძეგლები და რა ინვესტიციები იდება მის გადასარჩენად. მათი განცხადებით, იუნესკოს გადაწყვეტილება, შესაძლოა გაასაჩივრონ.
ლივერპულის პორტი, ისტორიაში მესამე ობიექტია, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. 2007 წელს აღნიშნულ სტატუსი ჩამოერთვა ომანში თეთრი ანტილოპების ნაკრძალს და 2009 წელს დრეზდენის ელბის ხეობას.