საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“-ის მასპინძლობისთვის ემზადება.
წვრთნების ოფიციალურ გახსნამდე, სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა საქართველოში საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოდის.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის პორტში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან, სატვირთო გემით OBIRIX უკვე შემოვიდა აშშ-ის არმიის 173-ე სადესანტო ქვეითი ბრიგადისა და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის კუთვნილი შეჯავშნული ჰამერები (HMMWVs) და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური მხარდამჭერი ტექნიკა.
მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა უზრუნველყო აღნიშნული ტექნიკის მიღების, განთავსებისა და მარშრუტზე შემდგომი გადაადგილების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია. სწავლების აქტიურ ფაზაში მონაწილეობის მისაღებად, ამერიკული ტექნიკა უკვე ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზეა გადაყვანილი.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკელი სამხედროები საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად ჩამოვლენ და სწავლების ლოკაციებზე – სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში გადანაწილდებიან.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ წელს საქართველო უკვე მეათედ უმასპინძლებს.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „მტკიცე სული 2021“ ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.