ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
სვიატლანა ციხანოუსკაია უკვე შეხვდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და მის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, დამატებითი დახმარება გაუწიონ ბელარუსის დემოკრატიულ მოძრაობას.
შეხვედრის დროს, ციხანოუსკაიამ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მიიღონ გადაუდებელი დახმარების პაკეტი ბელორუსის დამოუკიდებელი მედიისთვის, ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ასევე გააფართოონ დახმარება ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოებისთვის, პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახებისთვის.
გარდა ამისა, ციხანოუსკაიამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, გაზარდოს სასტიპენდიო პროგრამები ბელარუსი სტუდენტებისა და მკვლევარების დასახმარებლად.
"მე მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, გაზარდონ დახმარება ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მოახდინონ ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რეჟიმზე და მოუწოდონ რუსეთს კონსტრუქციული როლი შეასრულოს კრიზისის მოგვარებაში", - თქვა ციხანოუსკაიამ.
იუწყებიან, რომ დაგეგმილია ციხანოუსკაიას შეხვედრა თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. ამ დროისთვის, უცნობია შეხვდება თუ არა მას პრეზიდენტი ბაიდენი.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ დეტალებზე... ის შეხვდება ოფიციალურ პირებს; ჯერჯეობით არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს იქნება პრეზიდენტი, მაგრამ ის თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება, სანამ აქ იქნება", - თქვა თეთრი სახლის პრესმდინავმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე.