ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის შესაკავებლად, მთავრობის მიერ შემოღებული "მკაცრი ლოკდაუნი" არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
ესპანეთის მთავრობამ საგანებო მდგომარეობის რეჟიმი 2020 წლის 14 მარტს დააწესა, რამაც შესაძლებლობა მისცა აღმასრულებელ ხელისუფლებას დროებით შეეჩერებინა მთელი რიგი ადამიანის სამოქალაქო უფლებებისა. თითქმის სამი თვის განმავლობაში მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებლის დატოვების უფლება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდათ.
საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს ულტრამემარჯვენე პარტია Vox-მა მიმართა.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოქალაქეთა ძირითად უფლებებს და ამიტომ საგანგებო მდგომარეობა არასაკმარისია ამ ზომების დასაწესებლად.
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის სამი დონე არსებობს: პირველი დონეა, საკუთრივ საგანგებო მდგომარეობა, მეორე დონე - გამონაკლისი მდგომარეობა, ხოლო მესამე, ყველაზე მაღალი დონე - ალყის (საალყო) მდგომარეობა.
სასამართლოს მოსაზრებით, დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გასამართლებლად, მთავრობას უფრო მაღალი დონის, გამონაკლისი მდგომარეობა უნდა დაეწესებინა.
გადაწყვეტილებას მხარი 6-მა მოსამართლემ დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, განსხვავებული მოსაზრებების ჩათვლით, მოგვიანებით გამოქვეყნდება.