20-წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ, შეერთებული შტატებისა ნატო-ს ჯარები საბოლოოდ გადიან ავღანეთიდან.
ავღანეთიდან დასავლეთის გასვლის კვალდაკვალ, თალიბანი სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს.
როგორ შეცვალა ომმა ავღანეთი და რა ელის მას
დაბრუნდება თალიბანი?
თალიბანი - ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური მოძრაობა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996–2001 წლებში. 2001 წელს ავღანეთში შეერთებული შტატების შესვლის შემდეგ, თალიბანი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებიდან. ავღანეთში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და მიიღეს ახალი კონსტიტუცია.
ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, თალიბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა მცირე ჯგუფებად და მოსვენებას არ აძლევდა როგორც ავღანეთის ხელისუფლებას, ასევე ქვეყანაში მყოფ ამერიკისა და ნატო-ს ჯარებს. წლების განმავლობაში, შეტაკებებს ასეულობით ავღანელი და საერთაშორისო ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების" (ISAF) შემადგენლობაში, პირველად 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის 1 იანვრიდან, ავღანეთში, ნატოს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ.
ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.
2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.
ახლა, როდესაც ავღანეთს ტოვებენ ამერიკისა და ნატო-ს ძალები, თალიბანი ამყარებს კონტროლს ქვეყნის სხვადასხვა რაიონზე და შარიათის მკაცრი კანონების დამყარებას ესწრაფვის.
გრაფიკულ ფოტოზე სადავო ტერიტორიებად მონიშნულია ადგილები, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ან თალიბანი იმყარებს პოზიციებს.
წითლად მონიშნულია ტერიტორები, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს, ლურჯი ფერით მონიშნულ ადგილებზე კონტროლს ჯერ კიდევ ქაბული ახორციელებს, ხოლო ყვითელ ადგილებში შეტაკებები მიმდინარეობა ქაბულსა და თალიბანს შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
დაზუსტებული ინფორმაციის მიღება თუ რა ვითარებაა ავღანეთში რთულია, თუმცა, აშკარაა, რომ თალიბანი მნიშვნელოვნად იკრებს ძალებს. ვარაუდობენ, რომ ახლა ისინი ქვეყნის მესამედს აკონტროლებენ.
რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კონფლიქტს 2001 წლის შემდეგ?
20-წლიანი ბრძოლის შედეგად ათასობით მებრძოლი დაიღუპა ორივე მხარეს, ავღანეთში და მეზობელ პაკისტანის საზღვრებს მიღმა. კონფლიქტი მოყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც იღუპებიან როგორც კოალიციური ჯარების საჰაერო დარტმების, ასევე თალიბების მიზნობრივი თავდასხმების შედეგად.
2020 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგის 43%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ.
მიგრაცია კონფლიქტის შედეგად
წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტმა, მილიონობით ადამიანი აიძულა დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. ბევრმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარა თავი, ზოგი უფრო შორს წავიდა. ვინც ავღანეთში დარჩა, ის შიმშილისა და გაჭირვების წინაშე, უსახლკაროდ აღმოჩნდა.
გასულ წელს, 400 000-ზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი. 2012 წლის შემდეგ, 5 მილიონი ადამიანი წავიდა ავღანეთიდან და უკან არ დაბრუნებულა. გაეროს ადამიანის უფლებათა სააგენტოს მონაცემებით, ავღანეთი დევნილთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.
კორონავირუსის პანდემიამ დამატებითი ზიანი მიაყენა ავღანეთის რესურსებს. ლოკდაუნმა და გადაადგილების შეზღუდვამ პირდაპირი გავლენა მოახდინა მრავალი ადამიანის თავის რჩენის შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით, სოფლად.
გაეროს ჰუმანიტარული მისიის თანახმად, მოსახლეობის 30%-ზე მეტი სურსათის საგანგებო კრიზისი წინაშე დგას.
შეუძლიათ გოგოებს განათლების მიღება?
თალიბანის რეჟიმის დამხობამ ქვეყანაში მნიშვნელოვან პროგრესულ ცვლილებებს მისცა დასაბამი, მათ შორის ქალთა უფლებებისა და განათლების თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 1999 წელს საშუალო სკოლაში არცერთი გოგო არ იყო, ხოლო დაწყებით სკოლაში ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 000 გოგო ირიცხებოდა.
2003 წლისთვის 2.4 მილიონი გოგო უკვე სწავლობდა სკოლაში. დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3.5 მილიონია. საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაახლოებით მესამედი კი ქალია.
გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ავღანეთში ჯერ კიდევ ცხოვრობს 3.7 მილიონი ბავშვი, რომელიც სკოლაში არ დადის და მათი 60% გოგოა.
თალიბანი ამბობს, რომ ისინი აღარ ეწინააღმდეგებიან გოგონების განათლებას, მაგრამ Human Rights Watch-ის თანახმად, იმ რაიონებში, რომელთაც თალიბანი აკონტროლებს, გოგოებს განათლების მიღების შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.
მეტი შესაძლებლობა ქალებისთვის
დღესდღეობით, ავღანეთში ქალები მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს და ბიზნეს საქმიანობასაც ახერხებენ. 2019 წლისთვის 1000-ზე მეტმა ავღანელმა ქალმა დაიწყო საკუთარი ბიზნესი, სხვადასხვა საქმიანობა, რომელიც თალიბანის დროს აკრძალული იქნებოდა.
ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის ქვედა პალატაში არსებული ადგილების მინიმუმ 27% ქალმა უნდა დაიკავოს. დღეს, ამ მაჩვენებელს ქალთა წარმომადგენლობა ოდნავ აჭარბებს, 249 ადგილიდან 69-ს ქალი იკავებს.
კიდევ როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანელებისთვის?
მიუხედავად ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, ქვეყნის მასშტაბით მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა იზრდება.
8,6 მილიონზე მეტ ადამიანს - მოსახლეობის დაახლოებით 22% - 2021 წლის იანვარში ჰქონდა ინტერნეტი. მილიონობით ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას.
იზრდება მობილური ტელეფონების გამოყენების მაჩვენებელი - ადამიანების დაახლოებით 68% ახლა ფლობს მობილურ ტელეფონებს.
ბევრ ავღანელს ჯერ კიდევ არ აქვს საბანკო ანგარიში, მოზრდილთა დაახლოებით 80%-ს. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ეს ძირითადად გამოწვეულია რელიგიური და კულტურული შეხედულებებით, ფინანსური სექტორისადმი ნდობის ნაკლებობით და ფინანსური წიგნიერების დაბალი მაჩვენებლებით.
თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დაიწყო ურბანიზაციის პროცესი. ბევრი ადამიანი, რომელიც სოფლებში იყო გადახვეწილი ქალაქს დაუბრუნდა, სამშობლოში დაბრუნდნენ ასევე, პაკისტანსა და ირანში გაქცეული ავღანელები.
შეიცვალა დედაქალაქ ქაბულის ლანდშაფტები. წლების წინ, ქალაქი ძირითადად დაბალსართულიანი შენობებით იყო დაფარული, ახლა უკვე მაღალსართულიანი ნაგებობებიც შეემატა.
მიუხედავად იმ მიღწევებისა, რომელიც ავღანეთში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ, ვითარება კვლავ კრიტიკული გახდება როგორც პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში.
ამერიკის სადაზვერვო ანგარიშის მიხედვით, კოალიციური ძალების გასვლიდან ექვს თვეში შესაძლოა ქაბული დაეცეს და ქვეყანა მთლიანად თალიბანის დაჯგუფების ხელში აღმოჩნდეს.