"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდზე დაკრძალეს.
ლექსო ლაშქარავა, უკანასკნელ გზაზე, კოლეგებმა ტაშითა და დაშვებული კამერებით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. ოპერატორს 5 ივლისის აქციაზე "თბილისი პარაიდის" მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.