საპარლამენტო ოპოზიცია "ამნისტიის შესახებ'' კანონპროექტის განხილვის გადადებას პარასკევისთვის დაგეგმილ სესიამდე ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების'' წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
საკითხის გადადების მიზეზად კი ოპოზიციონერი დეპუტატების ალტერნატიული წინადადებები სახელდება.
ალტერნატიული წინადადებები აქვს "ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას. მისი მოსაზრებით, 273-ე მუხლით მსჯავრდებლებს სასჯელი კი არ უნდა გაუნახევრდეთ, არამედ საერთოდ გათავისუფლდნენ. ბაღათურია ითხოვს, ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდეთ, 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებულებსაც. დეპუტატს მიაჩნია, რომ ამნისტიის პროექტს უნდა დაემატოს კოდექსის 276-ე მუხლიც, რომელიც სასჯელს გაუფრთხილებლობით ავარიებისთვის ითვალისწინებს.
ალტერნატიული წინადადება აქვს ასევე ოპოზიციონერ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძესაც. მისი მოსაზრებით, ამნისტია უნდა შეეხოთ 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებულებსაც.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, ოპოზიციამ მოითხოვა საკითხი პარასკევისთვის გადადებულიყო, მანამდე კი დეპუტატებს პოზიციების შეჯერება ეცადათ.