თბილისის მერი კახა კალაძე 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს.
კალაძის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს ყველა შეკითხვას.
"ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვები რომელიც არსებობს უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოპერატორს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს. გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.