საქართველო 2010 წლისთვის კანადაში საელჩოს გახსნას გეგმავს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს "ქრისტიან-დემოკრატებმა~ კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ ბეილისთან გამართულ შეხვედრაზე.
გიორგი ახვლედიანმა ელჩს განუცხადა, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან არსებობს დიდი დაინტერესება მეგობრობის გამყარების თვალსაზრისით. მიუხედავად გამოკვეთილი ინტერესისა, კონტაქტების არარსებობის გამო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას დაბრკოლება ექმნება. ელჩის განცხადებით, ის კანადის პარლამენტის წევრებს აუცილებლად გააცნობს ქართველი კოლეგების სურვილს მეგობრობის განმტკიცების თაობაზე.
ახვლედიანმა ისაუბრა ქართულ-კანადური ბიზნესფორუმის თაობაზე, რაც, მისი თქმით, ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოსთვის.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ელჩთან საქართველოში პოლიტიკური სისტემის რეფორმასა და კონსტიტუციის დახვეწის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" უმთავრესი მიზანი მთლიანად პოლიტიკური სისტემის შეცვლაა და არა კონკრეტულად სააკაშვილის.
"მთავარია, ქვეყანაში ძირეული და თანმიმდევრული პოლიტიკური რეფორმა განხორციელდეს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ვერტიკალური რეფორმა, არამედ ჰორიზონტალური, რათა სწორი მიმართულებით წარიმართოს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი", - განაცხადა თარგამაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა მედიაში, პოლიციასა და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათ მოგვარებასთან დაკავშირებით სტუმარს თავისი ხედვა გააცნო.