ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ისტორიული ვიზიტით ეწვია არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
აბუ დაბიში გამგზავრებამდე ლაპიდმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა "მივემგზავრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ისტორიული ვიზიტით".
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელელი მინისტრები ადრეც წვევიან საამიროებს, ლაპიდის სტუმრობა პირველი ოფიციალური ვიზიტია უმაღლესი რანგის ისრაელელი სახელმწიფო მოხელისა.
ეს ვიზიტი შანსს აძლევს ისრაელის ახალ მთავრობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი მეთაურობს, რეგიონში დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისთვის იზრუნოს.
იაირ ლაპიდმა ორდღიანი ვიზიტის დაწყებისთანავე აბუ დაბიში გახსნა ისრაელის საელჩო. მანამდე საამიროების საელჩო გაიხსნა თელ-ავივში.
"ისრაელს სურს მშვიდობა მეზობლებთან. ყველა მის მეზობელთან. ჩვენ არსად მივდივართ. ახლო აღმოსავლეთი ჩვენი სახლია. ჩვენ აქ ვრჩებით. მივმართავთ რეგიონის ყველა ქვეყანას, რომ გააცნობიერონ ეს და გვესაუბრონ", - განაცხადა ლაპიდმა საელჩოს გახსნისას.
ოთხშაბათს, იაირ ლაპიდი დუბაიში ისრაელის გენერალური საკონსულოს გახსნის. გარდა ამისა, ლაპიდი "Expo 2020 Dubai" მსოფლიო გამოფენისთვის მომზადებულ ადგილს ეწვევა.
ვიზიტის განმავლობაში, ლაპიდი ხელს მოაწერს ხელშეკრულებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ნავთობით მდიდარ ქვეყანასთან.
გასულ წელს, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.