თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო სტამბოლის არხის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში.
თურქეთი მიზნად ისახავს სტამბოლის არხის, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს ერთმანეთთან დააკავშირებს, მშენებლობის 6 წელიწადში დასრულებას.
ერდოღანის განცხადებით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 15 მლრდ დოლარია.
არხის სიგრძე იქნება 45 კმ, მინიმალური სიგანე 245 მ, ხოლო სიღრმე დაახლოებით 21 მ.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახალი არხი სტამბოლის მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან უფრო და უფრო მეტი ხომალდი გადის ბოსფორის სრუტეზე ყოველწლიურად, რაც "პოტენციურ რისკებს შეიცავს".
ბოსფორის ალტერნატიული ხელოვნური სრუტის შექმნის იდეა ერდოღანმა თავდაპირველად 2011 წელს წამოჭრა, როდესაც ის თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
პროექტის მიხედვით, "სტამბოლის არხი" ბოსფორის სრუტის მსგავსად ქალაქ სტამბოლს შუაზე გაყოფს და სტამბოლის ნაწილი "სტამბოლის არხსა" და ბოსფორის სრუტეს შორის კუნძულის სახით დარჩება.
თავად ქალაქი სტამბოლი სამ რეგიონად დაიყოფა - ერთი აზიური და დანარჩენი ევროპის ნაწილი. ცენტრალური ნაწილი, რომელშიც მდებარეობს ქალაქის ისტორიული რაიონი "სულთანაჰმედი" და საქმიანი უბნები რეალურად გადაიქცევა კუნძულად.
სამომავლოდ ახალი არხის გამოყენება მოხდება როგორც საკრუიზო ასევე სატვირთო გემების მიერ. ამავე არხით იგეგმება ასევე საშიში ნივთიერებით დატვირთული გემების გატარებაც.
პროექტის ფარგლებში მარმარილოს ზღვაში დაგეგმილია ხელოვნური კუნძულების გაშენებაც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი პირველად 2011 წელს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაანონსა.
წინასწარი გათვლებით გეგმის არხი დღეში 160 გემის გატარებას შეძლებს.
დღეისათვის ბოსფორის არხით წელწადში 53 ათასი გემის გატარებაა შესაძლებელი.