შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირესა და ადვოკატს, რუდი ჯულიანს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში საადვოკატო ლიცენზია შეუჩერდა, 2020 წლის აშშ-ის არჩევნების გარშემო "აშკარად ყალბი და შეცდომაში შემყვანი" განცხადებების გამო.
77 წლის ჯულიანი იყო ნიუ იორკის მერი და დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი.
2020 წელს ჯო ბაიდენთან ტრამპის დამარცხების შემდეგ, ჯულიანი ცდილობდა ეჭვი შეეტანა არჩევნების შედეგებში და აცხადებდა, რომ იგი გაყალბდა.
ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯულიანი არჩევნების გაყალბების შესახებ გაკეთებულ მრავალრიცხოვან განცხადებებში ტყუოდა.
ხუთი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის ეს გადაწყვეტილება დროებითი ზომაა, ვიდრე დისცილინური საქმისწარმოება არ დასრულდება.
მოსამართლეებმა თავიანთ გადაწყვეტილებაში განაცხადეს, რომ ჯულიანმა გააკეთა რამდენიმე ცრუ განცხადება არიზონის, ჯორჯიასა და პენსილვანიის შტატებში ხმის მიცემის შესახებ - მათ შორის ბრალდებები, რომ ასობით ათასი ბიულეტენი არასათანადოდ იყო დათვლილი.
სასამართლომ უარყო ჯულიანის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მისი განცხადებების შესწავლა და გამოძიება ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლების უფლებას.
არჩევნების შემდეგ, ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა ათობით სარჩელი შეიტანეს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ. ყველა მათგანი, გარდა ერთისა უარყოფილ იქნა სხვადასხვა სასამართლოს მიერ.