„ასოცირებული ტრიოს ფორმატში ბრიუსელში პირველად ჩამოვედით . ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთიანდებიან" - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, „ასოცირებული ტრიოს მიზანი ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება და ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებაა" - ხელშკრულებების, რომლებიც, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოების საპროგრამო დოკუმენტად იქცა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მიზნის გარდა, სამივე ქვეყანას საერთო გამოწვევებთან უწევს გამკლავება, რაც ერთიანობისა და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. „რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული კონფლიქტი მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს რისკის წინაშე" - განაცხადა მინისტრმა. მან რეგიონში არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ევროკავშირის ჩართულობისა და პოლიტიკური როლისთვის ჯოზეპ ბორელს მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრეს საკითხად უნდა შენარჩუნდეს". მისი თქმით, ზაზა გახელაძის დაჭრა და შემდეგ უკანონო დაპატიმრება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმები ჰუმანიტარულ საკითხებსაც კი უგულვებელყოფენ.
„იმედი მაქვს ევროპელი პარტნიორები კვლავ მხარს დაუჭერენ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, მზად ვართ ერთსულოვნად განვაგრძოთ სვლა ევროპაში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად" - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს შეხვდა.