გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 18 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩია.
193-წევრიანმა ასამბლეამ გუტერეშს კიდევ ხუთი წლით მანდატი მიანიჭა. მანამდე, გაეროს უშიშროების საბჭომ გენერალური მდივნის პოსტზე გუტერეშს მხარი მეორე ვადით დაუჭირა.
72 წლის გამოცდილი პორტუგალიელი დიპლომატის მეორე ვადა 2022 წლის 1 იანვარს დაიწყება.
გაეროს გენერალურ მდივანს ირჩევს გენერალური ასამბლეა უშიშროების საბჭოს წარდგინებით. გენერალურ მდივანს 5 წლის ვადით ირჩევენ. გენერალური მდივანი შესაძლოა არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
კანდიდატი გენერალური მდივნის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან უმრავლესობამ - 9 წევრმა უნდა მოიწონოს, ამასთან მის წინააღმდეგ ხმა არ უნდა მისცეს ვეტოს უფლების მქონე უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი სახელმწიფოების ხუთეულიდან არც ერთმა.
ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგა. მისი თანამდებობაზე მუშაობის ხუთწლიანი ვადა 2021 წელს იწურება.