16 ივნისს, ჟენევაში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
პუტინთან შეხვედრამდე, ამერიკის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს შვეიცარიის პრეზიდენტ გი პარმელენთან.
როდესაც ჟენევაში ჟურნალისტებმა ბაიდენს ჰკითხეს, მზად არის თუ არა სამიტისთვის, პრეზიდენტმა მათ მიუგო, რომ იგი ყოველთვის მზად არის.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრამდე, კრემლი და თეთრი სახლი აცხადებენ, რომ სამიტისგან განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ, თუმცა მოლაპარაკებების გამართვა კარგი ნაბიჯია ურთიერთობების დარეგულირებისთვის.
ბაიდენსა და პუტინს შორის მოლაპარაკებები გაიმართება მეთვრამეტე საუკუნის ვილაში, რომელიც ჟენევის ტბას გადაჰყურებს. შვეიცარიის პოლიციამ და სამხედროებმა, უსაფრთხოების მიზნით, დახურეს ვილა ლა გრანჟის მიმდებარე ორი პარკი და მის გარშემო გალავანი აღმართეს.
თეთრი სახლის ცნობით, მოლაპარაკებები 4-5 საათს ან უფრო მეტხანს გაგრძელდება. ლანჩი არ არის დაგეგმილი. შეხვედრის ბოლოს პუტინი გამართავს პრესკონფერენციას, რასაც მოჰყვება ბაიდენის პრესკონფერენცია.
პუტინი პირველი იქნება, ვინც შეხვედრის ადგილს ეწვევა. ბაიდენი მოგვიანებით ჩამოვა, რის შემდეგაც ორი ლიდერი შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს. შემდეგ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ დასვან რამდენიმე კითხვა, მაგრამ სავარაუდოდ მხოლოდ შვეიცარიის პრეზიდენტი ისაუბრებს.
შემდეგ გაიმართება შეხვედრა ვიწრო წრეში, რომელსაც დაესწრებიან მხოლოდ ორი პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე თარჯიმნები.
მოგვიანებით მონაწილეების შემადგენლობა გაფართოვდება: ორი პრეზიდენტი და დელეგაციების ხუთი წევრი. დანარჩენი წევრების სახელები ჯერ არ არის ცნობილი.
შეხვედრაზე განხილული იქნება ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხი, მათ შორის ახალი სტარტის შეთანხმება, რომელიც იანვარში ბაიდენის ადმინისტრაციამ ხუთი წლით გაახანგრძლივა.
დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების პრობლემების საკითხების მიმოხილვა, მათ შორის რუსეთში მყოფი დანაშაულებრივი კიბერ ჯგუფების ამერიკისთვის გადაცემის საკითხი. მოსკოვმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მზად არის დანაშაულებრივი დაჯგუფება ვაშინგტონს გადასცეს, თუ ეს უკანასკნელიც იგივეს იზამს.
აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბაიდენი გეგმავს ადამიანის უფლებების საკითხის განხილვას, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ იქნება თუ არა ნახსენები რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი.
ჯო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის წინ, ჟენევაში საპროტესტო აქცია იმართება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად.