სახელმწიფო კანცელარიაში აშშ საქართევლოს ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ქართული მხრიდან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს შეეხება.
"ამასთან სტუმრებს გავაცნობთ საარჩევნო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს - რაზე მივაღწიეთ პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმება და რაზე ვერა" - განმარტა მინაშვილმა.
რაც შეეხება იმას, დაისმება თუ არა შეხვედრაზე ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების საკითხი მინაშვილმა განმარტა, რომ ქართული მხარე ამაზე იქამდე ისაუბრებს, ვიდრე ბავშვების გათავისუფლება არ მოხდება.
"ეს საკითხი ჩვენ უკვე დავსვით ყველა დონეზე და ამის შესახებ ინფორმაცია ყველა პარტნიორ სახელმწიფოს მივაწოდეთ, თუმცა ბავშვების გატაცებაზე ვისაუბრებთ იქამდე ვიდრე არ მოხდება მათი გათავისუფლება. საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული პრობლემაა ის რომ რუსეთი მათი მოთხოვნების იგნორირებას ახდენს", - განმარტა მინაშვილმა.
რაც შეეხება ქართული მხრიდან აღნიშნული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებას, მისი განმარტებით შეხვედრაზე საუბარი "ყველა მნიშვნელოვან და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს შეეხება".
შეგახსენებთ, რომ დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში ქართული მხარის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა სხვადასხვა უწყების მინისტრების მოადგილეები, მათ შორის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე და თინა ბურჯალიანი მონაწილეობენ. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, მას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ხელმძღვანელობს. როგორც ცნობილია აშშ-ს დელეგაცია თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა აღნიშნულის გარდა შეხვედრები გამართეს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ისინი საქართველოს პარლამენტში გაემგზავრებიან, სადაც მათ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძე მიიღებს.