შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ბრიტანეთში "დიდი შვიდეულის" სამიტში მონაწილეობს, დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, დაუპირისპირდნენ ჩინეთის სულ უფრო და უფრო მზარდ გავლენას.
პრეზიდენტი ბაიდენი გამოვიდა ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით, რომელიც კონკურენციას გაუწევს პეკინის ხარჯებს განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
საუბარია ჩინეთის მრავალტრილიონიან გლობალურ ინფრასტრუქტურულ გეგმაზე - "ერთი სარტყელი, ერთი გზა", რომელიც აზიისა და ევროპის არეალს მოიცავს და მასში შემავალ სატრანსპორტო ქსელის განვითარებას ითვალისწინებს, მათ შორის სარკინიგზო, საპორტო, ავტომაგისტრალების და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
იუწყებიან, რომ ჩინეთის ამ გეგმის საპასუხოდ, შეერთებული შტატები "დიდი შვიდეულის" სამიტზე ახალი გლობალურ ინიციატივას წარადგენს.
შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩინეთს ადანაშაულებენ მუსლიმი უიღურების მიმართ იძულებით შრომასა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებში ჩინეთის სინცზიან-უიღურის რაიონში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ჩინეთს ბრალს დებენ სინცზიანის პროვინციაში მასობრივ დაკავებებსა და წამებაში. იუწყებიან, რომ ამ პროვინციაში ჩინეთმა შექმნა ე.წ. შრომითი ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უიღურ მოქალაქეებს ამყოფებს.
უიღურთა მასობრივი შევიწროების გამო, წლის დასაწყისში ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ჩინეთის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები დააწესეს.