თეთრი სახლის განცხადებით, გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ივლისში შეერთებულ შტატებს ეწვევა.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელი ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს 15 ივლისს გამართავს.
ეს იქნება ანგელა მერკელის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და სავარაუდოდ ბოლო ვიზიტი კანცლერის რანგში.
თეთრი სახლის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის არსებულ ღრმა ორმხრივ კავშირებს.
ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი ორმხრივ ურთიერთობებზე, პანდემიაზე, კლიმატის ცვლილებებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე იმსჯელებენ.
მანამდე, გერმანიისა და ამერიკის ლიდერები ერთმანეთს დიდი შვიდეულის ფორმატში, დიდ ბრიტანეთში შეხვდებიან. სამიტი დღეს გაიხსნა და 13 ივნისამდე გასტანს.