ხვალ 18 ნოემბერს 13.00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერის, ეკა ბესელიას ძმის, სერგო ბესელიას და შვილის რატი მილორავას სასამართლო პროცესი დაიწყება.
ამის შესახებ დღეს, კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა.
კუკავა მოუწოდებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაესწრონ ზემოთაღნიშნულ სასამართლო პროცესს და გამოთქვან თავიანთი პროტესტი პოლიტიკური პატიმრების დაკავებასთან დაკავშირებით.
"მოვუწოდებთ თავისუფალი საქართველოს ყველა მოქალაქეს ნუ დავტოვებთ ჩვენს თანამებრძოლებს თანადგომის გარეშე სააკაშვილის და მერაბიშვილის ჯურღმულებში, შევიკრიბოთ ბათუმის სასამართლოსთან, მთელ მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველოს მართვას ევროპის უკანასკნელი ტირანია და მოვითხოვოთ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - განაცხადა კახა კუკავამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პროცესის მოსამართლე ჯემალ კიკნაძესა და პროკურორ სიმონ გოგელაშვილსაც შეეხო და მათ კეთილგონიერებისკენ მოუწოდა.
"მივმართავთ მოსამართლე ჯემალ კიკნაძესა და პროკურორ სიმონ გოგელაშვილს, დაემორჩილონ მხოლოდ კანონს და არა პოლიტიკურ დაკვეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კანონის სრული სიმკაცრით სააკაშვილის გადადგომის მეორე დღესვე", - აღნიშნა კუკავამ.
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კონსერვატიული პარტია გააგრძელებს ყველა პოლიტიკური პროცესის მეთვალყურეობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
"ჩვენი პარტიის ვებ - საიტზე გაიხსნა სპეციალური გვერდი: www.conservatives.ge/prisoners სადაც, მითითებულია თვითეული პოლიტიკური პროცესის ადგილი, დრო და სისხლის სამართლის საქმის დეტალები", - განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ სერგო ბესელია 2009 წლის 19 აგვისტოს, ქობულეთში - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს.