დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე მომავალ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს შეხვდება. განაცხადა ბუკინგემის სასახლემ.
მონარქისა და პრეზიდენტის შეხვედრა 13 ივნისს, უინძორის ციხე-სიმაგრეში შედგება. ჯო ბაიდენი ბრიტანეთში დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად მიემგზავრება.
ჯო ბაიდენი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მე-12 პრეზიდენტი, რომელსაც ელისაბედ მეორე როგორც მონარქი, შეხვდება. პირველად ელისაბედ მეორე პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეხვდა, თუმცა მაშინ ის ჯერ კიდევ პრინცესა იყო.
ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც დედოფალმა უმასპინძლა, დონალდ ტრამპი იყო, 2019 წელს.
თეთრი სახლის განცხადებით, ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს "აშშ-ისა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასმის დასადასტურებლად".
95 წლის დედოფალი, თავისი მმართველობის 69 წლის განმავლობაში, ამერიკის ყველა პრეზიდენტს შეხვდა, გარდა ლინდონ ჯონსონისა.