ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის კარი უნდა გაიღოს. ნებისმიერი დახურულობა, ინფორმაციის დახურვა თუ ბავშვთა ინსტიტუციების ფიზიკურად დახურვა კანონის საწინააღმდეგოა და მძიმე კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მან სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში მონიტორინგის განხორციელება.
“ნებისმიერი დახურულობა, ინფორმაციის დახურვა თუ ბავშვთა ინსტიტუციების ფიზიკურად დახურვა კანონის საწინააღმდეგოა და მძიმე კითხვებს აჩენს. რაც უფრო მეტად გახანგრძლივდება სახალხო დამცველის არშეშვება, კითხვები კიდევ უფრო დამძიმდება. ეს ჩაკეტილობა მით უფრო აუხსნელია იმ ფონზე, როცა საჯარო გახდა ინფორმაცია ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, რაზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციებს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, უზრუნველყონ, სახალხო დამცველის უფლებამოსილება, ბავშვთა სახლში განახორციელოს მონიტორინგი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარი გაიხსნას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.