საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა.
ახალ ფრაქციაში, რომელსაც "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა, "სტრატეგია აღმაშენებელი", ზურაბ ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე ერთიანდებიან.
ფრაქციის თავმჯდომარე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იქნება.
"დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი გაერთიანების მთავარი საფუძველი არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო მუშაობისას გამოიყენებს ყველა ბერკეტს დოკუმენტის სრულად შესასრულებლად", - განაცხადა სამნიძემ.
პირველი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში "ლელო საქართველოსთვის" 13 მაისს შეიქმნა. მასში გაერთიანდნენ - ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი.