ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას სამთავრობო კოალიციის ფორმირების შესახებ, რითაც დასრულდება მოქმედი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრავალწლიანი მმართველობის ერა.
ცენტრისტული პარტიის "იეშ ატიდის" ლიდერმა, იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ სამთავრობო კოალიცია რვა ფრაქციისგან შეიქმნა.
როტაციის შეთანხმების თანახმად, ისრაელის ახალ მთავრობას მემარჯვენე პარტიის "იამინას" ლიდერი ნაფტალი ბენეტი პირველი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, მომდევნო ორი წელი კი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი იქნება.
იაირ ლაპიდმა ისრაელის პრეზიდენტს რეუვენ რივლინს აცნობა შეთანხმების შესახებ და პირობა დადო, რომ ახლი მთავრობა იმუშავებს ისრაელის ვყელა მოქალაქისთვის.
"ჩვენ პატივს ვცემთ ოპონენტებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაერთიანოთ და დავაკავშიროთ ისრაელის საზოგადოების ყველა ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველ კოალიციაში ასევე შედის ისრაელის არაბთა პარტია მანსურ აბასის ხელმძღვანელობით. მანამდე ასეთი შეთანხმება ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.
ათწლეულების განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის არაბთა პარტია მთავრობას შეუერთდა.
მთავრობის მიერ ფიცის დადებამდე, კიდევ ერთი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ქნესეთში. კოალიციამ 120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობის ნდობა უნდა მოიპოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში მე-5 არჩევნები ჩატარდეს.