საფრანგეთი შეერთებულ შტატებს კიდევ ერთ თავისუფლების ქანდაკებას უგზავნის. იტყობინება ფრანგული გამოცემა Le Journal du Dimanche.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ქანდაკება ნიუ იორკში 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ჩავა და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს საფრანგეთისა და აშშ-ის მტკიცე ისტორიულ კავშირს.
ქანდაკება ბევრად უფრო მცირე ზომის იქნება, ვიდრე ნიუ იორკში არსებული თავისუფლების ქანდაკება. მისი სიმაღლე 2.83 მეტრს აღწევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ქანდაკების გაგზავნის იდეა 2019 წელს ჩაისახა, თუმცა მისი განხორციელება პანდემიამ შეაფერხა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ თავისუფლების ახალი ქანდაკება ვაშინგტონში, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის ბაღში განთავსდება.
თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ნიუ იორკში, მდინარე ჰუძონის შესართავთან მდებარეობს, საფრანგეთმა აშშ-ს 1885 წელს უსახსოვრა.
1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.