ევროპული საქართველოს ლიდერებმა, რუსთავში, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა წარადგინეს კლიპი და პეტიცია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.
პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას.
ევროპული საქართველო კამპანიის სახით მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს და შეუმსუბუქებს მოსახლეობას ყოველდღიურ წნეხს.
„მოგეხსენებათ, ევროპულმა საქართველომ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო კამპანია საწვავის გაიაფების მოთხოვნით, ჩვენ გვსურს, რომ ეს კამპანია გავაგრძელოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ პრობლემის არსი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ მთავრობის მიმართ მოთხოვნებში, რომ ხელისუფლებამ მყისიერად მიიღოს და გააკეთოს რეაქცია, ის რაც მას ხელეწიფება.
დღეს, საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის სწორედ აქციზის გადასახადის გაზრდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ გააძვირა და ავტომატურად საწვავის ფასში აისახა ხელისუფლების მოქმედება. ამის შეცვლა დამოკიდებულია პირდაპირ ხელისუფლებაზე და არ არის დამოკიდებული სხვა რაიმე ფაქტორზე“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„ საწვავის ფასის გაძვირებამ დაუმძიმა მდგომარეობა ყველა ჩვენ მოქალაქეს, არამარტო იმათ, ვინც საწვავს ასახვას საკუთარ მანქანაში, არა, ეს აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფასებზე.
განსაკუთრებული უტიფრობაა, როდესაც ასეთი კრიზისის დროს, იმ მარტივ ნაბიჯს არ დგამს მთავრობა, რომელიც მყისიერად შვებას მისცემდა ყველა მოქალაქეს და წნეხს ფასების ზრდაზე შეამცირებდა.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ მთავრობის გამოცვლამდე ამ კამპანიის წარმოება, ჩვენ ვიწყებთ სარეკლამო კამპანიასაც, რათა ყველა მოქალაქემ გაიგოს რაშია პრობლემა და მეორე, პეტიციის სახით ბოლომდე უნდა მოხდეს მხილება და ზეწოლა.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.