"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, შევლენ თუ არა პარლამენტში.
მისი თქმით, თავად "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას ემხრობა.
"საზოგადოებამ მოისმინა პარტიის წარმომადგენლობის პოზიციები, მათ შორის, ვინც პარლამენტში შესვლის მომხრეა და ვინც წინააღმდეგია. დღეს ეს პოზიციები შეჯერდება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ როგორი გზა ჯობია იმისთვის რომ, ჩვენ საბოლოო ამოცანა შევასრულოთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება. ჩემი პოზიციაა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს პარლამენტში. ვინაიდან პოლიტსაბჭო დღესაა, მე განწყობებზე წინასწარ არ ვისაუბრებ, დღეს ჩვენ ყველა არგუმენტს და პოზიციას კიდევ ერთხელ მოვისმენთ. გავეცნობით იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენმა პარტიამ დაუკვეთა და რამდენიმე საათში ცნობილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა უდუმაშვილმა.