თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, ქალაქში სიდიდით მესამე მეჩეთი გახსნა.
კომპლექსის გახსნის ცერემონიალზე მან აღნიშნა, რომ ეს მეჩეთი იყო "საჩუქარი სტამბოლის დაპყრობის 568-ე წლისთავისადმი".
ერდოღანის განცხადებით, მეჩეთის მშენებლობის დასრულება გამარჯვებაა იმ მომიტინგეებზე, რომელებიც ტაქსიმის მოედნისთვის რაიმე სახის "რელიგიური ტონის" მინიჭებას აპროტესტებდნენ და დასძინა, რომ "ახლა უკვე ამ ინიციატივას ვეღარავინ შეაჩერებს".
"თაქსიმის მეჩეთმა უკვე დაიკავა გამორჩეული ადგილი სტამბოლის სიმბოლოთა შორის. ის სამარადისოდ დარჩება", - თქვა ერდოღანმა მეჩეთის გახსნის ღონისძიებაზე.
ტაქსიმის მეჩეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ ერდოღანმა ახალი კომპლექსის აშენების პირობა დადო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის კენჭს იყრიდა სტამბულის მერობის კანდიდატად.
მეჩეთი მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში, გეზის პარკის სიახლოვეს, თურქეთის პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლის გვერდით.
ინიციატივის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ის ეწინააღმდეგება თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, ათათურქის მიერ დადგენილ პრინციპებს. იგი თვლიდა, რომ თურქეთი, მიუხედავად მის ტერიტორიაზე ისლამის დომინირებისა, უნდა დარჩენილიყო სეკულარულ სახელმწიფოდ.