კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას, გასული წლების "წარუმატებელ ღონისძიებებს" აბრალებს და აცხადებს, რომ მისი ფუნქცია ამაზე პასუხისმგებლის ძიება არაა.
მინისტრის თქმით, გელათში უნდა დიაწყოს ფრესკების კონსერვაცია, თუმცა სპეციალისტებზე დაყრდნობით ამბობს, რომ "ზოგიერთი ზიანი შეუქცევადია".
"ჩემი ფუნქცია არაა 2008-2020 წლებში რა ღონისძიებებიც განხორციელდა, რომელიც სრულად წარუმატებელი იყო, ვეძიო პასუხისმგებელი პირი. ამისთვის არსებობს პროკურატურა.
ჩემი ფუნქციაა უკვე გაფუჭებულ საქმეზე შევძლო გამოსავლის მოძებნა. ამისათვის, გადადგმულია მოკლე დროში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ კონსენსუსს კედლის მხატვრობის აღდგენისთვის კონსერვაციის სპეციალისტებთან, მათ მიიღეს გადაწყვეტილება კონსერვაციის მეთოდზე. თავად სპეციალისტებმა ამ სხდომაზე გვითხრეს, რომ ზოგერთ შემთხვევაში ზიანი იქნება შეუქცევადი", - ამბობს თეა წულუკიანი.