საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ამის შესახებ ლისაბონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელიმ განაცხადა.
ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას ეწვევიან, რათა აჩვენონ, რომ ევროკავშირი მზად არის რეგიონში მიმდინარე მოვლენებში ჩართულობისთვის.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის თარიღი არ დაუსახელებია.
ლისაბონში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხვადასხვა საკითხთან ერთად, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხზეც იმსჯელეს. მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას ევროკავშირის მეტი ჩართულობის შესახებ.