საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი შესრულდა. 2016 წლის 19 მაისს, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილმა გიგა ოთხოზორიამ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან ნაცნობები მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე ახლობლის დაკრძალვისთვის პროდუქტი უნდა გადაეტანათ.
რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენელს, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლის რაღაც არ მოეწონა და გიგასთან საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ საოკუპაციო ხაზის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. ოთხოზორიას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დაედევნნენ. გიგა ოთხოზორიას რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ოთხოზორია დაეცა, კანჯი-ოღლიმ კი, წაქცეულ გიგას თავში ბოლო ტყვია ესროლა. შემდეგ კი, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია დატოვა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
გიგა ოთხოზორია, რომელსაც უბრალოდ ახლობლის დაკრძალვაში ნათესავების დახმარება სურდა, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც.
ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. საქართველომ კანჯი-ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. ამ დროისთვის ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ის არავის დაუსჯია. ვრცელდებოდა ცნობები, რომ კანჯი-ოღლიმ თავი რუსეთს შეაფარა. პასუხი არც მისი თანმხლები სხვა "მესაზღვრეებისთვის" მოუთხოვიათ. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, კანჯი-ოღლი სამსახურშიც კი დააწინაურეს.
2018 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ. 2018 წლიდან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "გიგა ოთხოზორია რუსეთის წინააღმდეგ" საქმე მიმდინარეობს. ოთხოზორიას ოჯახი რუსეთის ფედერაციას ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ედავება.
სამწუხაროდ, გიგა ოთხოზორია რუსული ოკუპაციის ერთადერთი მსხვერპლი არ არის. რუსეთი, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ეთნიკური ქართველების გენოციდს ახალისებს. კრემლის აგრესიულ პოლიტიკას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
2018 წელს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის საოკუპაციო ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს. თითქმის ერთი თვე ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლება მოკლული მოქალაქის ცხედრის გადმოსვენებას. 26 დღეში არჩილი ოჯახს დაუბრუნეს. მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და არ ჰქონდა შინაგანი ორგანოები. არჩილი ყოფილი სამხედრო იყო, 2008 წელს ის ერაყში მსახურობდა, მას რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა საოკუპაციო ძალებმა ეს არ დაიჯერეს და მისი სიცოცხლე ასე სასტიკად გაანადგურეს. არჩილის ახლობელი ოკუპირებული რეგიონიდან ჰყვება, რომ ყოფილ სამხედროს საქართველოს დროშაზე ფეხის დაბიჯებას სთხოვდნენ, რაც მან არ გააკეთა.
2019 წლის 10 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო. ე.წ. სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში ოთახში მარტო არავის ტოვებენ, ძალიან დაუჯერებელია, რომ კვარაცხელიას ასეთი შესაძლებლობა მიეცა. ნებისმიერ შემთხვევაში, ე.წ. მესაზღვრეების ხელში რომ არ ჩავარდნილიყო, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა.
"ბორდერიზაციით", სამხედრო თუ ნახევრად სამხედრო ბაზებით და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ განლაგებული რუსი ოფიცრებით, რუსეთი ყოველდღიურად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს. კრემლი ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს უზღუდავს. გიგა ოთხოზორიას მკვლელობა რუსული ოკუპაციის რეალური სახეა, პუტინის დამნაშავე რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს კლავს და მათ წინააღმდეგ გენოციდის ტოლფას ბრძოლას აწარმოებს.
გენადი ნიკოლავა