საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფორმაცია აქვს, რომ ნიკა მელიასა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში არიან.
ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და არც მათი ლიდერები გამოირჩეოდნენ პასუხისმგებლობით.
"ჩვენ როგორც პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი, ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება გავაკეთეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ეს ადამიანები, რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები როგორც ხდება, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ მათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რცხვენიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მე მესმის მისიც პირადად, რადგან ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქი-ბუქობდა ტყუილად რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს და დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანი არის ის და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ან უპასუხომგებლო მოვლენების განვითარებაზე, ზოგადად მათ განცხადებებზე და ქმედებებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.