ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, არქტიკული საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე ორივე მხარემ განაცხადა, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამაშრომლონ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც მათი საერთო ინტერესები იკვეთება.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრამ 2 საათს გასტანა.
სახელმწიფო დეპარატამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებულ რუსი სამხედრო დანაყოფების გამო.
ბლინკენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა შეუძლიათ, განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების მიუხედავად. მისივე თქმით, თუ ორი ქვეყნის ლიდერი ითანამშრომლებს, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს ეძებს.
"საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს", - თქვა ბლინკენმა. ამასთან დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-სა დ მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შემთხვევაში შეერთებული შტატები მას სათანადო პასუხს გასცემს.
შეხვედრისას, ბლინკენმა ლავროვს გაუზიარა აშშ-ის შეშფოთება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც რუსეთის კოლონიაში იმყოფება.
ენტონი ბლინკენმა მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქეები პოლ ველანი და ტრევორ რისი.
გარდა ამისა, მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გადაჭრის, ავღანეთის, სტრატეგიული სტაბილურობის, ასევე ირანისა და სამხრეთ კორეის ატომური პროგრამების საკითხები განიხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო და ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვილი პრობლემების მოგვარების შესახებ.
ლავროვის თქმით, "არსებობს ურთიერთგაგება იმ არაჯანსაღი სიტუაციის გადასაჭრელად, რომელიც ბოლო წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში ვითარდებოდა".
ლავროვის განცხადებით, მოსკოვი და ვაშინგტონი ფუნდამენტურად განსხვავდებიან საერთაშორისო ვითარების შეფასაებისა და პრობლემების გადაჭრის მიდგომების მხრივ, თუმცა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და აღნიშნა, რომ არსებობს სურვილი დაიძლიოს არაჯანსაღი განწყობა ორმხრივ ურთიერთობაში.