ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“, – წერს ღარიბაშვილი.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში, ე.წ. მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქეს დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა.
30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, რაშიდ კანჯი-ოღლს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია.