საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მლნ ევროს მიიღებს. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
"დღეს, მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 85 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მიღებას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად.
ასეთ რთულ პერიოდში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ქვეყანას საშუალებას მისცემს სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური აქტივობა, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი ორგანიზაციაა და რომელთან ერთადაც ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული.
დღევანდელი შეთანხმება იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანას დაეხმარება ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების პროცესის დაჩქარებაში", წერს სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.