ხვალ, 4 ნოემბერს სრულიად მართლმადიდებლური სამყარო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. ტაძარი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან მოსულ სასულიერო პირებს თუ მრევლს უმასპინძლებს.
ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის საყდარი ლაგოდეხში 1881 წელს აიგო. თუმცა ბოლშევიკებმა ტაძარი დაანგრიეს. ყაზანის ღვთისმშობლის ხატი თუნუქის ნაჭერზეა შესრულებული და მისგან ღუმელის მილი გააკეთეს. ჭრის დროს, როცა უშუალოდ გამოსახულებას შეხებიან, ხატს ხმა გამოუცია. შეშინებული კაცი გონებადაბნეული იქაურობას გასცლია, ხატი კი ერთერთ მორწმუნეს საკუთარ სახლში შეუფარებია. შემდგომში ეს ხატი ლაგოდეხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში იყო დასვენებული და ამჟამად თავის სამყოფელს დაუბრუნდა.
12 წლის, წინ 4 ნოემბერს, ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზეიმოდ გახსნა და მას შემდეგ ყაზანობის დღესასწაული ლაგოდეხში ყოველწლიურად აღინიშნება.