სრულად ვაქცინირებულ პირებს, თუნდაც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ, შეუძლიათ პირბადე არ ატარონ, - განაცხადა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.
მისი თქმით, სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსისთვის დაბრკოლებად იქცნენ.
„სრულად ვაქცინირებულ პირებს, თუნდაც ვირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ, შეუძლიათ პირბადე არ ატარონ, რადგან ვირუსის დონე მათ ცხვირ-ხახაში გაცილებით დაბალია, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ინფიცირება ფიქსირდება, ისინი ვირუსის უსიმპტომო მატარებლები არიან და ვირუსის დონე მათში იმდენად დაბალია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადაცემა მოხდეს“, - ენტონი ფაუჩიმ და აღნიშნა, რომ ვაქცინაციით მოქალაქეებს წვლილი შეაქვთ საზოგადოების ჯანდაცვასა და ვირუსის გავრცელების პრევენციაში.
13 მაისს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ახალი გაიდლაინი გამოსცა, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.