ENG / RUS       12+

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

"ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. ორგანიზაციის პირველი საზოგადო კრება ამავე წლის 15 მაისს გაიმართა. 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა არქივმა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შესახებ საარქივო დოკუმენტების კოლექცია გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილია ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები მისი დაარსების, მუშაობის ძირითადი მიმართულებების, დამფუძნებლებისა და წევრების შესახებ. 

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ეროვნულ საქმეს ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის განვითარებას ემსახურებოდა.

1879 -1918 წლებში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ: დიმიტრი ყიფიანი (1879-1882); ივანე ბაგრატიონ მუხრანელი (1882-1885); ილია ჭავჭავაძე (1885-1907); გიორგი ყაზბეგი (1907-1918).

საზოგადოების შექმნის იდეა 1870-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ორგანიზაციის დაარსების თარიღად ითვლება მისი წესდების გამოქვეყნების დღე.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პირველი ყრილობა 1879 წლის 15 მაისს გაიმართა. ამ სხდომაზე აირჩიეს თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე), ხაზინდარი და სეკრეტარი (მდივანი).

"დაწესებას" ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი და გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ერისთავი.

მოსაწვევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე.

კრება 1879 წლის 15 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკში შედგა, მოიწვიეს ყველა, ვინც საზოგადოების დაარსებაში მონაწილეობდა.

მოსაწვევს ხელს აწერენ: დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე.

საზოგადოების წევრთა ნაწილი

1879 წელს, დაარსებისთანავე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური მოღვაწეობა დაიწყო.

საზოგადოების უმთავრესი მიზანი ქართველი ხალხის ქართულ ცნობიერებაში დაბრუნება იყო. ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან იკარგებოდა, გადარჩენის ერთადერთი გზა - განათლების გავრცელება რჩებოდა.

საარქივო მასალის მიხედვით ნათელი ხდება, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა აფხაზეთიდან საინგილოს ჩათვლით მიმდინარეობდა.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

საზოგადოების მიერ გამოცემულ წიგნებთან ერთად, წლების განმავლობაში მასში თავი მოიყარეს საზოგადოების წევრების მიერ შეგროვილმა უნიკალურმა წიგნებმა. 

ბიბლიოთეკის წყალობით დღემდე შემორჩა ათასობით ქართული ხელნაწერი თუ ნაბეჭდი წიგნი

ექვთიმე თაყაიშვილის მიმართვა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი საზოგადოების წიგნთსაცავსა და მუზეუმში დაცული სიძველეების დაცულ გადატანის შესახებ.

"ეს ის განძია, რომელის ფასით არ იყიდება და თუ ერთხელ დაიკარგა, აღდგენა აღარ შეიძლება. გაქრა ეს განძი, გაქრა ისტორია, ლიტერატურა, მეცნიერება და საზოგადოთ მთელი კულტურა ქართველი ერისა. თუ ამ განძის შეკრება შეადგენდა მოვალეობას საზოგადოების გამგეობისა, გამგეობა მით უმეტეს მოვალეთ უნდა ხდიდეს თავის თავისთ, რომ ეს ფასდაუდებელი განძი კარგად დაიცოს, მოუაროს და არ დაუკარგოს ქართველ ერს".

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შეკრებილი წიგნები, ხელნაწერები და სიძველეები დღეს სხვადასხვა სახელმწიფო მუზეუმსა თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაშია დაცული.

ავტოგრაფი.

1905 წლის 27 დეკემბერი.

იაკობ გოგებაშვილის წინადადებები ქართული სკოლების მოწყობის შესახებ. 
 

"მთელ თბილისში ერთი სახალხო ქართული სკოლა არ არსებობს... მოზარდი ქართველობა ჩვენი დედაქალაქისა ან სრულიად მოკლებულია სწავლასა, ან იძულებულია იაროს უცხო შკოლებში, სადაც გონება ეხშვება და ენა უმახინჯდება. ეს გარემოება ძლიერ დაეხმარება ქართული ელემენტების შესუსტებას ქალაქში, თუ მალე წამალი არ მივაშველეთ და არ გავხსენით სახალხო ქართული შკოლა ორივე სქესისთვის".

აქვე იაკობ გოგებაშვილი საუბრობს მოსწავლეთა ნაწილის უფასოდ სწავლების აუცილებლობაზე, ქართული სახელმძღვანელობის შექმნის გადაუდებელ საჭიროებაზე, მასწავლებლებთა შერჩევასა და სხვა საკითხზებზე. 

1879 წლის 18 დეკემბერი.

ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველა) მოხსენება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისადმი ფშავში მოძრავი სკოლის გახსნის შესახებ. ავტოგრაფი.

"მასწავლებელი ამოირჩევს რვა დაბის სოფელს, რომლებსაც გარშემო წვრილი სოფლები ახვევია; თითო სოფელში მასწავლებელს სამოცზე ნაკლები ქალი და ვაჟი არ ეყოლება და ამათ გაუნაწილებს ერთის წლის დროს და შრომას. წლის თავზე თუ ივარგა მასწავლებელმა, ეყოლება იმას „ანაბანის“ მცოდნე ოთხასზე მეტი მოწაფე...“

1893 წლის 17 დეკემბერი.

წევრთა შემოწირულობებთან ერთად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას ფინანსურად უზრუნველყოფდნენ ქართველი მეცენატები. 

მარჯვნივ: სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის წერილი ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი მის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ შემოწირული 10.000 მანეთის შესახებ. ავტოგრაფი. 

1904 წლის 5 აპრილი. ბაქო.

მარცხნივ: ილია ჭავჭავაძის წერილი სტეფანე ზუბალაშვილისადმი. 

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე მეცენატს წერს, რომ ორგანიზაციის გამგეობამ აღტაცებით მოისმინა მოხსენება 25 წლის საიუბილეოდ მისი უხვი შემოწირულების შესახებ. აქვე ილია ჭავჭავაძე სტეფანე ზუბალაშვილს აცნობებს, რომ ის ერთხმად არის არჩეული საზოგადოების საპატიო წევრად. 

1904 წლის 26 მაისი.

დავით სარაჯიშვილის მოხსენება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობისადმი სოფელ დიღომში სკოლის გახსნის შესახებ.

წერილის ავტორი სკოლის დაარსების შემდეგ მისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის ყოველწლიურად 300 თუმნის გადახდის ვალდებულებას კისრულობს.

იმერეთის ეპისკოპის ლეონიდეს (შემდეგში საქართველოს პატრიარქის) მილოცვის წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ილია ჭავჭავაძისადმი.

მილოცვასთან ერთად ეპისკოპოზი ორგანიზაციას თანხასაც სწირავს.

1904 წლის 30 მარტი.

დავით (ალავერდის) ეპისკოპოსის წერილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი.

"ჩემი სურვილია ჩემ მიერ შეწირული ფული მოახმარონ პირველდაწყებით სწავლას და აგრეთვე ქართველ მახმადიანთა სწავლას-განათლებას".

1908 წლის 7 აგვისტო.

მხედრული დამწერლობის ნიმუშები წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდიდან (უცნობი ავტორი). უთარიღო